Thumbnail

წლის საუკეთესო ზაქარია, პირველი დუბლი პოლონეთში და დამარცხებული მანჩინი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონი გახდა, იგი ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
  • ნიკა კაჭარავამ პოლონეთში პირველი გოლები გაიტანა
  • გიორგი მერებაშვილმა კონტრაქტის გახანგრძლივება საგოლე პასით აღნიშნა

მეოთხე და სრული ტრიუმფი

ქართველ ლეგიონერთაგან ამ უქმეებზე ყურადღების ცენტრში ტალინის ფლორას 27 წლის ტანმორჩილი შემტევი ნახევარმცველი იყო - ტამეკასთან მატჩის წინ ზაქარია ბეგლარიშვილს ესტონეთის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს - შემდეგ მან 2 საგოლე პასი გააკეთა, ფლორამ 2:0 მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა.

ფლორა მე-11-ედ გახდა ესტონეთის ჩემპიონი, ზაქარია კი მის რიგებში - მეოთხედ. ამის გარდა, ქართველს 2-ჯერ აქვს მოპოვებული ესტონეთის თასი და 3-ჯერ სუპერთასი. ამ სეზონში ჩვენებურს 16 გოლი და 23 საგოლე პასი აქვს! ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვეუცნაურება მისი გრაფის გვერდით სანაკრებო კეპებში ერთიანი. 

ბოლო ტურში ფლორა ლევადიას 4 ნოემბერს ესტუმრება, რომელსაც 6 ქულით უსწრებს.

დამსახურებული შამპანური

კაჭარავას პირველი დუბლი

ნიკა კაჭარავამ გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 16 გოლი გაიტანა და გაცილებით მაღალი კლასის, პოლონურ ექსტრაკლასაში გააგრძელა კარიერა, თუმცა ორშაბათამდე მას გოლი არ ჰქონდა გატანილი. მისი კორონა ლეხიას ესტუმრა და 5:0 გაანადგურა. ორი შესანიშნავი გოლი სწორედ 23 წლის ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა. 

ნიკა კაჭარავამ პოლონეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა

კაჭარავა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ლიდერი, გოლეადორი...

ამ უქმეებზე ასამდე ქართველ ლეგიონერს ჯამში სულ სამი გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს, რაც ძალიან ცუდი შედეგია. ერთი გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა - ექს-დინამოელმა სლოვაკეთის სუპერლიგაში თავი ჩვენთვის საინტერესო მატჩში გამოიჩინა - ჭანტურიშვილის ტრნავის სპარტაკი გიორგი ბერიძის ტრენჩინს ესტუმრა.

ლიდერმა ტრნავამ ის თამაში 2:1 მოიგო, გამარჯვების გოლი კი ჭანტურიშვილის ანგარიშზეა. ბერიძე კი პირველ ტაიმში გამოცვალეს, რადგან მის გუნდს კაცი გაუძევეს. 

24 წლის ჭანტურიშვილს 13 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

ვახტანგ ჭანტურიშვილი ბრწყინვალე ფორმაშია

კონტრაქტი და საგოლე პასი

პოლონეთში გიორგი მერებაშვილი პლოცკის ვისლას შეუთანხმდა და კონტრაქტი კლუბთან გაახანგრძლივა. ეს ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე პასით აღნიშნა ექსტრაკლასას მორიგ ტურში, თუმცა პლოცკი პიასტთან სტუმრად 1:2 დამარცხდა. მერებაშვილს სეზონში 2 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.

გიორგი მერებაშვილის კარგმა თამაშმა პლოცკს ვერ უშველა

თამაშამდე გიორგიმ ვისლასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დამარცხებული მანჩინი და ლიდერობა

საბა კვირკველიას ლოკომოტივმა სანკტ პეტერბურგში პირწმინდად დაჩაგრა რობერტო მანჩინის ზენიტი, 3:0 მოუგო და ადგილი გაუცვალა ცხრილში. დღეიდან ლოკომოტივია რუსული პრემიერლიგის ლიდერი.

საბამ, ტრადიციულად, შეუცვლელად ითამაშა და გამოცემა "ჩემპიონატისგან" 10 ბალიანი სისტემით 7,5 ბალი დაიმსახურა. 

საბა კვირკველიამ ზენიტთან 13-დან 12 ორთაბრძოლა მოიგო

დაკარგული შანსი

ჰოლანდიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა გურამ კაშიას ვიტესს, რომელიც ამ ტურამდე მესამეზე იყო. სამწუხაროდ, არნემელებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს და 2:4 წააგეს და ორი საფეხურით დაიხიეს ცხრილში. გუნდის ქართველი კაპიტანი 85-ე წუთზე გამოცვალეს. 

ვიტესი-პსვ-ს წინ

ამ უქმეებზე ტრავმის გამო 4 ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია.

ამ უქმეებზე შემადგენლობაში ვერ მოხვდა 17 ქართველი ლეგიონერი.

ამ უქმეებზე 4-მა ქართველმა ლეგიონერმა ყვითელი ბარათი მიიღო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები