Thumbnail

მერებაშვილი: ევროპა მირჩევნია, მაგრამ ჩემს ასაკში ფინანსებიც მნიშვნელოვანია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი მერებაშვილთან.
  • 31 წლის შემტევი ნახევარმცველი პლოცკის ვისლას ერთ-ერთი ლიდერია.
  • ქართველი ფეხბურთელის გადაბირება აზიურ და ამერიკულ კლუბებს სურთ.

გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატს კარგად მოერგო და მოკლე პერიოდში პლოცკის ვისლას ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა.

► კარიერის შეთავაზება - გიორგი მერებაშვილს MLS-ში და საუდის არაბეთში ეპატიჟებიან

პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის ქართველ ნახევარმცველს არაერთი საინტერესო შეთავაზება აქვს და შესაძლოა, სხვა გუნდში გააგრძელოს კარიერა. გიორგი მერებაშვილს ამ და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ...

popsport: როგორი იყო თქვენთვის 2017 წელი?

მერებაშვილი: იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პერიოდები. ვისლასთან ერთად სეზონი მძიმედ დავიწყე და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. შეიცვალა როგორც მწვრთნელთა შტაბი, ისე შემადგენლობა. ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა და, ბუნებრივია, შეთამაშების პრობლემა იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში ვითარება გამოსწორდა და ბოლო სამი თვე უკვე კარგად ავთამაშდით, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახა. მთლიანობაში, წელი მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ.

გაშუქება, ინფრასტრუქტურა და გულშემატკივართა დასწრება უმაღლეს დონეზეა. პოლონეთში იმაზე უკეთესი პირობები დამხვდა, ვიდრე წარმოდგენილი მქონდა

popsport: როგორ შეაფასებ პოლონეთში გატარებულ პერიოდს, იქაურ ჩემპიონატს და პლოცკის ვისლაში არსებულ ატმოსფეროს?

მერებაშვილი: პოლონეთის ჩემპიონატს კარგად მოვერგე, რაც გუნდში არსებულმა შესანიშნავმა ატმოსფერომ განაპირობა. პირველივე დღეებიდან ვიგრძენი კლუბის მხრიდან დაფასება, პატივისცემა და ეს ჩემს თამაშზეც აისახა. როდესაც სამწვრთნელო შტაბისგან და კლუბის ხელმძღვანელებისგან ნდობას გრძნობ, ეს დამატებით სტიმულს გაძლევს. რაც შეეხება პოლონეთის ჩემპიონატს: ძლიერი ლიგაა და თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე უნდა დაიხარჯო. სწორედ ასეთ კონკურენციაში იზრდები და ვითარდები როგორც ფეხბურთელი. გაშუქება, ინფრასტრუქტურა, გულშემატკივართა დასწრება უმაღლეს დონეზეა. სიმართლე გითხრათ, პოლონეთში უკეთესი პირობები დამხვდა, ვიდრე წარმოდგენილი მქონდა.

popsport: მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თქვენს მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის და ამერიკული კლუბები იჩენენ. რამდენად რეალური ინფორმაციაა და თუ გაქვთ კონკრეტულ კლუბთან მოლაპარაკება?

მერებაშვილი: ნამდვილად ასეა, თუმცა კონკრეტული კლუბების დასახელებისგან თავს შევიკავებ. აქვე დავამატებ, რომ ჩემი გადაბირებით პოლონური კლუბებიც არიან დაინტერესებულნი. ჩემი მენეჯერი მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავარაუდოდ, უახლოეს 10 დღეში გაირკვევა, სად გავაგრძელებ კარიერას.

ყველა კონკრეტულ წინადადებას განვიხილავ და ისეთ ვარიანტს ავარჩევ, რომელიც ოპტიმალური იქნება როგორც სპორტული მოტივაციის, ისე ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე

popsport: თქვენ თუ გსურთ პოლონეთის დატოვება და კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება?

მერებაშვილი: ევროპაში მსურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ჩემს ასაკში მხოლოდ სპორტული მოტივაცია ვერ მექნება და ბუნებრივია, ფინანსურ მხარესაც ვანიჭებ მნიშვნელობას. უახლოეს დღეებში, ყველა კონკრეტულ წინადადებას განვიხილავ და ისეთ ვარიანტს ავარჩევ, რომელიც ოპტიმალური იქნება როგორც სპორტული მოტივაციის თვალსაზრისით, ისე ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე.

popsport: ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში დაგაბრუნათ. რა ატმოსფერო დაგხვდათ გუნდში, როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ მწვრთნელთან და თუ ელოდებით მომდევნო შეხვედრებში გამოძახებას?

მერებაშვილი: ეროვნულ ნაკრებში ორი წელი არ მქონდა ნათამაშები და სიმართლე გითხრათ, აღარ ველოდებოდი გამოძახებას. ნაკრებში გამოძახებამ ენითაუწერელი სიხარული მომანიჭა. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო დამხვდა, რაც წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ვაისს: შესანიშნავი პიროვნებაა და ეს თითოეული ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. მქონდა მასთან საუბარი და ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ამხანაგურ შეხვედრებში კარგად ვითამაშე, მოლდოვას გოლიც გავუტანე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სანაკრებო განაცხადში მომდევნო შეხვედრებშიც მოვხვდე.

იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ და გულშემატკივარს დიდი ხნის ნატვრას ავუსრულებთ

popsport: 2018 წელს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში ჩაერთვება. ამ ტურნირიდან გამომდინარე, გვაქვს თუ არა კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის რეალური შანსი?

მერებაშვილი: უეფამ ძალიან კარგი ფორმატი შემოგვთავაზა და ეს ტურნირი ჩვენნაირი გუნდებისთვის კარგი შანსია. ვფიქრობ, დიდი შანსი გვაქვს, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, თუმცა ადვილი თამაშები ნამდვილად არ გვექნება. როგორც ჩვენ, ისე სხვა ნაკრებებსაც სურთ ამ შესაძლებლობის გამოყენება. ბევრ თამაშში ვიქნებით ფავორიტები, თუმცა ამ სტატუსს გამართლება სჭირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ და გულშემატკივარს დიდი ხნის ნატვრას ავუსრულებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები