Thumbnail
  • 📅 3 თებერვალი | ⌚ 23:30 | ⚽ რომა V მილანი
  • იტალიის დედაქალაქში '6-ქულიანი მატჩი' გაიმართება
  • მასპინძლებმა თასზე წარუმატებლობა უნდა დაივიწყონ
  • მილანი რომში კარგი განწყობით და პიონტეკით ჩადის 

სერია A-ს 22 ტური კვირას, იტალიის დედალაქში დასრულდება, სადაც რომა მილანს ‘6-ქულიან’ მატჩში უმასპინძლებს. ‘ოლიმპიკოზე’ ერთმანეთის უშუალო კონკურენტები წარსდგებიან, რაც ყოველთვის საინტერესო და კარგია. რა თქმა უნდა, კარგი იქნება გამარჯვებულისთვის, რადგან ეს შესაძლებლობას მისცემს, დაამუხრუჭოს მეტოქე, თავად კი კიდევ უფრო წინ გაიჭრას. ამ თამაშამდე ჯენარო გატუზოს მილანს 35 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ანუ - ჩემპიონთა ლიგის ზონაში. ‘როსონერის’ ქულითა და ადგილით ჩამორჩება რომა (34).

რომა

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გაშვებაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა Corriere dello Sport-მა ახლახან დაწერა, რომ კლუბი მწვრთნელს მილანთან წაგების შემთხვევაშიც არ შეელევა. სხვა საკითხია, რამდენად შეიძლება ეს რომაელთა თავკაცისთვის სანუგეშო იყოს.

წინა ტურში ჯეკომ დუბლი მიითვალა და 9-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა

‘ოლიმპიკოზე’ მასპინძლების თამაში დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ რომაელები შუა კვირაში განცდილი კოშმარის დავიწყებას. რომამ იტალიის თასის ¼-ფინალში სტუმრად ფიორენტინასთან ანგარიშით 1:7 წააგო! მაგრამ ‘ჯალოროსის’ არც ფლორენციაში ჩასვლამდე ჰქონდა კარგად გასახსენებელი მატჩი. სერია A-ს წინა ტურში, ბერგამოში ატალანტასთან სამბურთიანი უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ მხოლოდ ქულას დასჯერდა - 3:3. ოთხ დღეში გაშვებული 10 გოლი! აი, ასეთი მორალური ტვირთით უნდა გავიდნენ ახლა რომაელები ‘ოლიმპიკოზე’ მილანთან სათამაშოდ. 

რომაელების სამზადისი მილანთან მატჩისთვის 

მილანის წინააღმდეგ დისკვალიფიცირებული ბრაიან კრისტანტე და სტივენ ნ’ზონზი ვერ ითამაშებენ, ასევე - ტრავმირებულები: ჟუან ჟესუსი და ჩენგიზ უნდერი.

მილანი

'უნდა შევინარჩუნოთ ის ენთუზიაზმი, რომელიც სათასო მატჩში გვქონდა. რომა ძლიერი გუნდია, უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით. მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია და ძალიან უნდა ვიფრთხილოთ. რომას მწვრთნელიც კარგი ჰყავს. მინდა ჩემი გუნდი ისეთივე მონდომებული ვნახო, როგორიც ბოლო მატჩებში იყო. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. სულ ვამბობდი, რომ გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩართული უნდა ვიყოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ ამ მიზანს', - თქვა თამაშის წინ ჯენარო გატუზომ, რომლის გუნდისთვისაც წელიწადი მშვენივრად დაიწყო. 

წელს ჯანლუიჯი დონარუმას კარში გოლი სულ ერთხელ გავიდა

ახალი წლიდან მოყოლებული, ‘როსონერიმ’ ხუთი მატჩი ჩაატარა (3 მოგება, თითო ფრე და მარცხი) და სულ ერთი გოლი გაუშვა, ისიც - იტალიის სუპერთასზე, კრიშტიანო რონალდოსგან. სამაგიეროდ, რაც ვერ მოახერხა სუპერთასზე, შეძლო იტალიის თასზე - ორი უპასუხო გოლი გაუტანა ნაპოლის და  ნახევარფინალში გავიდა.

საინტერესოა, რომ ბოლო მატჩში დუბლით მილანელთა ახალწვეული - პოლონელი კშიშტოფ პიონტეკი გამოირჩა. შეიძლება ითქვას, ზამთარში ჯენოადან განხორციელებულმა ამ ტრანსფერმა მილანელ გულშემატკივრებს ჩელსიში გაშვებული გონსალო იგუაინის დანაკლისი უკვე შეუვსო.

ამ სეზონში პიონტეკმა რომას ჯენოას მაისურით უკვე გაუტანა

დედაქალაქურ შეხვედრაში თამაშს ტრავმირებული ხოსე რეინა, ჯაკომო ბონავენტურა, მატია კალდარა და ლუკას ბილია ვერ შეძლებენ.

📷 თოვლმა მილანელების წვრთნა უფრო სახალისო გახადა

საინტერესო ფაქტები

⚽ რომასა და მილანისთვის მომავალი დაპირისპირება სერია A-ში 172-ე იქნება. უპირატესობა მილანელთა მხარესაა: 75 მოგება, 51 ფრე, 45 მარცხი. 

⚽ ‘როსონერის’ მეტოქესთან უპირატესობა აქვს რომის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრებშიც: 28 მოგება, 32 ფრე, 25 მარცხი.

⚽ ურთიერთშეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება რომაელებს ჰქონიათ - 1998 წელს რომში მილანს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს.

⚽ ამ გუნდებს ყველაზე უხვგოლიანი მატჩები ‘სან სიროზე’ დაფიქსირდა: 1935 წელს - 4:4, ხოლო 1950 წელს - 6:2. 

⚽ პირველ წრეში გამართულ დაპირისპირებაში მილანმა შინ ანგარიშით 2:1 მოიგო. გასულ სეზონში გუნდებმა ერთმანეთს სტუმრად ერთნაირი ანგარიშით, 2:0 აჯობეს.

⚽ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდის ბოლო 10 საშინაო შეხვედრიდან 9-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.

⚽ რომამ გათამაშებული სტანდარტიდან 11-ჯერ გაიტანა, რაც მიმდინარე სერია A-ში საუკეთესო მაჩვენებელია.

⚽ მილანის ბურთები სერია A-ში: 28-20. გუნდს გატანა უჭირს და ამ მაჩვენებლით ლიგაში მეცხრეა. სამაგიეროდ, მილანზე ნაკლები სულ სამ გუნდს აქვს გაშვებული.

⚽ მილანს იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვია.

⚽ მილანმა სტუმრად ჩატარებული 10 მატჩიდამ 3 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 2 დათმო. ბურთები: 12:8. მოპოვებული 14 ქულა ლიგაში მეექვსე მაჩვენებელია.

⚽ ჯენარო გატუზის გუნდის მიერ სტუმრად ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა. 

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-2-3-1): ოლსენი - კარლსდორპი, ფასიო, მანოლასი, კოლაროვი - პელეგრინი, როსი - ფლორენცი, ძანიოლო, ელ შაარავი - ჯეკო. 

მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - პაკეტა, ბაკაიოკო, კესიე - სუსო, პიატეკი, ჩალჰანოღლუ.

კომენტარები

ბოლო ამბები